/angular-guide > _

ინსტალაცია და გამოყენება

ტაიპსკრიპტის ქომფაილერის დასაინსტალირებლად დაგვჭირდება ნოუდის პაკეტის მენეჯერი npm.

npm install -g typescript

ტაიპსკრიპტის ქომფაილერის გამოყენება შეგვიძლია tsc ბრძანებით და შემდეგ ტაიპსკრიპტის ფაილის მითითებით. გვაქვს გამზადებული პირობითი ტაიპსკრიპტის ფაილი main.ts კოდით:

function log(text: string): void {
  console.log(text);
}

const hello: string = "Hello world!";

log(hello);

ტიპების გამოყენებას განვიხილავთ შემდეგ ნაწილში. ამჯერად ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ადგილას სპეციალურად გვაქვს მითითებული ტიპები: log ფუნქციაში პარამეტრი აუცილებლად უნდა იყოს string. თვითონ ფუნქცია არაფერს აბრუნებს (void). შემდეგ ვქმნით სტრინგის ცვლადს და log ფუნქციაში მას არგუმენტად ვაწვდით.

tsc main.ts

ეს იმავე სახელის მქონე ჯავასკრიპტის ფაილს შექმნის, რომელიც ახლა ჩვეულებრივად, ტიპების გარეშე იმუშავებს. დავაკავშიროთ ჯავასკრიპტის ფაილი HTML დოკუმენტში და შევამოწმოთ.

თუ ჩვენ ტიპებს არასწორად გამოვიყენებთ - ვთქვათ, გვინდა, რომ log ფუნქციაში მხოლოდ number ტიპის არგუმენტები მივიღოთ:

function log(text: number): void {
  console.log(text);
}

const hello: string = "Hello world!";

log(hello);

და დაქომფაილებას ვცდით:

tsc main.ts

მაშინ ქომფაილერი ერორს დაგვიბრუნებს და გვაცნობებს, რომ log ფუნქცია არგუმენტად ელოდება რიცხვს, ჩვენ კი მას შეცდომით სტრინგს ვაწვდით. ეს ერორი ამ მაგალითში ტერმინალში ვნახეთ, თუმცა წინასწარ მოწყობილ სადეველოპმენტო გარემოში, ასეთი ერორები ედიტორშივე ჩნდება (მაგალითად თუ Angular-ს ვიყენებთ vscode-ში).

რომ შევაჯამოთ, ტაიპსკრიპტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უფრო უსაფრთხო და ნაკლები ბაგის მქონე კოდის წერა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა ჩვენი პროექტი შედარებით დიდია და შეიძლება კოდის შესახებ რაღაცები დაგვავიწყდეს ან გამოგვრჩეს.

კონფიგურაცია tsconfig.json-ით

ფოლდერში tsconfig.json-ის არსებობა მიუთითებს, რომ ეს ფოლდერი არის ტაიპსკრიპტის პროექტის root (ფესვი, პროექტის ამოსავალი წერტილი). ამ ფაილში კონკრეტული ველების შევსებით შეგვიძლია შევცვალოთ ტაიპსკრიპტის ქომფაილერის ქცევა.

tsconfig.json შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

{
  "compilerOptions": {
    "module": "commonjs",
    "noImplicitAny": true,
    "removeComments": true,
    "preserveConstEnums": true,
    "sourceMap": true
  },
  "files": [
    "core.ts",
    "sys.ts",
    "types.ts",
    "scanner.ts",
    "parser.ts",
    "utilities.ts",
    "binder.ts",
    "checker.ts",
    "emitter.ts",
    "program.ts",
    "commandLineParser.ts",
    "tsc.ts",
    "diagnosticInformationMap.generated.ts"
  ]
}

კონფიგურაციის ვარიანტებისთვის გაეცანით tsconfig-ის დოკუმენტაციას. ყველაზე საყურადღებო თავდაპირველად არის compilerOptions-ში module. ჩვეულებრივ ფრონტენდ დეველოპმენტისთვის იყენებენ არა commonjs-ს, არამედ ES5-ს ან უფრო ახალ ვერსიას. files-ს მასივი განსაზღვრავს, თუ რა ფაილები უნდა დააქომფაილოს ქომფაილერმა.